გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. ამასთან, ჩუბინაშვილის ცენტრი აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.
"2023 წლის 8 მარტს, როცა მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი რჩევისა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოუწოდა პარლამენტს, გაეწვია აღნიშნული კანონპროექტი და უარი ეთქვას მის შემდგომ განხილვაზე. ჩვენს მიმართვაში ვწერდით:
კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამ კანონის მიღება არ პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის გაცხადებულ კურსს და ძლიერ აზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. თუ მიღებული იქნება, კანონი მძიმე შედეგს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებასა და მის ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას. ის მტკივნეულად შეეხება კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებსაც, რომელთათვისაც საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იმ ჯერზე საზოგადოებრივმა პროტესტმა გაჭრა და კანონი არ იქნა მიღებული. მეტიც, მივიღეთ დაპირება, რომ ის აღარასდროს იქნებოდა ინიცირებული. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იგივე კანონპროექტი კვლავ განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის მიღებაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს", - ნათქვამია განცხადებაში.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.
29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.