ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას იაპონია და სამხრეთ კორეა ადასტურებენ.
შორი მანძილის რაკეტა ერთ საათზე მეტხანს მიფრინავდა, სანამ იაპონიის წყლების სიახლოვეს არ დაეშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტამ დაახლოებით 1000კმ დაფარა.
ფხენიანმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც, მათი მტკიცებით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მანამდე ფხენიანი ამ თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა.
ვაშინგტონმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალს არ არღვევენ.
2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების რეკორდული რაოდენობა გამოცადა, მათ შორისაა ისეთები, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ. ამის საპასუხოდ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნები გააძლიერეს.
ფხენიანი პერიოდულად რაკეტების ტესტირებას ატარებს. აპრილში ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელსაც მან "ყველაზე მძლავრი" უწოდა. მაისში მან ჯაშუში სატელიტის გაშვებაც სცადა, თუმცა წარუმატებლად.