ჩიქობავასა და ხასაიას მხარდასაჭერად ილიაუნის რექტორმა სააპელაციოს მიმართა

ჩიქობავასა და ხასაიას მხარდასაჭერად ილიაუნის რექტორმა სააპელაციოს მიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც რექტორი წერილში აღნიშნავს, ორივე მათგანს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა უწყვეტად ყოფნა თავიანთ სფეროში, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი სამეცნიერო კარიერის, ისე შესაბამისი დარგების განვითარებისთვის საქართველოში.

"გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. იგი არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. გიორგი ხასაია აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო. მისი საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან მოიპოვა სპეციალური საგრანტო დაფინანსება გერმანიაში საველე კვლევის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაში ჩართული აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გიორგის უშუალო ხელმძღვანელი, გერმანელი მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, გიორგის ახასიათებენ როგორც დარგის განვითარებისთვის იმედისმომცემ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერს, მკვლევარს, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და აკადემიური კეთილსინდისიერების გამორჩეული უნარით. გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში ემზადებოდა თავისი დისერტაციის ერთ-ერთი პრობლემატიკის სამეცნიერო კოლოქვიუმზე წარსადგენად.

ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები. საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე", - ვკითხუილობთ წერილში.

23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურა ჩიქობავასა და ხასაიას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ადანაშაულებს. სასამართლომ ორივე პატიმრობაში დატოვა.