ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს

ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს. თუმცა, ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ თავდასხმაში მონაწილე პირებს კარგად იცნობს.

"საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ [თავდამსხმელებს] და მიყვარს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა.

საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს გააკეთებენ, სკვერს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ, მთავარია, სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან", - ამბობს ჩიგოგიძე.

დღეს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.