ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, სადაც აბდუშელიშვილი შენი დილის წამყვანია.
პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
საპროტესტო მსვლელობა ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა. რამდენიმე საათის წინ მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.