ბუჩუკური: ოცნებამ კანონის მიღების შემდეგ, მისი მოწინააღმდეგეების მიმართ მუქარა ისევ დაიწყო

ბუჩუკური: ოცნებამ კანონის მიღების შემდეგ, მისი მოწინააღმდეგეების მიმართ მუქარა ისევ დაიწყო

პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ფსიქოლოგიური და ძალადობის შემცველი მუქარა ისევ დაიწყო.

როგორც ბუჩუკურმა თქვა, ძალადობის მუქარები პარტიის წევრების მიმართ, მათ შორის მის მიმართაც განხორციელდა.

დეპუტატი ამბობს, რომ ისინი მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და პროკურატურას, რათა რეაგირება მოახდინონ.

"ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია გახარია საქართველოთვის დეპუტატებთან (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით) ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.

ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად არის შეუძლებელი.

მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას - მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებილებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ", - თქვა ბუჩუკურმა.

მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მუქარის შემცველი ზარების განხორციელება განაახლეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ გვიან ღამით ურეკავდნენ.

***

მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ, ასევე იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში სხვადასხვა უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ამასთან, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. ზარები ქართული ნომრებიდან და უცხო ექვეყნებიდან ხორციელდება.