ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ქვედანაყოფს, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინის შვილი, პაველ პრიგოჟინი უხელმძღვანელებს.
"აჯანყების მცდელობისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ რუსეთის ფედერაცია დაჯგუფებაზე კონტროლს აძლიერებს.
ვაგნერის ქვედანაყოფს, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინის შვილი, პაველ პრიგოჟინი უხელმძღვანელებს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ვაგნერის მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს. 25 აგვისტოს, პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ვაგნერი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ომში.
სექტემბერში ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. ამასთან, ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ვაგნერელთა ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო იქნებოდნენ კონცენტრირებული.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის დაჯგუფება ვაგენერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, ვაგნერზე კონტროლი პირდაპირ კრემლზე გადავა და ეს მას პოტენციურად სახიფათოს ხდის.