"ბოროტებას მძიმე დარტყმა მიადგა" - ნეთანიაჰუ ჰამასის ლიდერის მკვლელობის შესახებ

"ბოროტებას მძიმე დარტყმა მიადგა" - ნეთანიაჰუ ჰამასის ლიდერის მკვლელობის შესახებ

ჰამასის ლიდერის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვა გააკეთა.

"ეს არის ჰამასის შემდეგ დღის დასაწყისი", - განაცხადა მან.

"ბოროტებამ მძიმე დარტყმა განიცადა, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული", - თქვა ნეთანიაჰუმ. მან სინვარის მკვლელობას ომში "მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა და დაამატა, რომ ღაზას მოსახლეობისთვის ესაა "შესაძლებლობა" საბოლოოდ გათავისუფლდნენ ჰამასის ტირანიისგან.

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ჰამასი, რომ მათი ლიდერები განადგურდებიან და მოუწოდა მათ, ვისაც ისრაელელი მძევლები ჰყავს დატყვევებული, დაყარონ იარაღი და დააბრუნონ ისინი.

"ახლა ყველასთვის ნათელია, ისრაელსა და მთელ მსოფლიოში, რატომ მოვითხოვდით დაჟინებით, ომი არ დასრულებულიყო", - თქვა ისრაელის ლიდერმა.

ისრაელმა დღეს დაადასტურა, რომ სახმელეთო ოპერაციის შედეგად ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. სინვარი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა და ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის "ორგანიზატორი".

ჰამასის თავდასხმის შემდეგ სინვარი საჯაროდ აღარ გამოჩენილა და, როგორც მიიჩნეოდა, იგი ღაზას ქვეშ გვირაბების უზარმაზარ ქსელში იმალებოდა.

ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სინვარი ღაზას სამხრეთით ოთხშაბათს ოპერაციის შედეგად მოკლეს. ოპერაციის დროს სამხედროებმა, როგორც ისრაელში ამბობენ, სამი ტერორისტი მოკლეს, რომელთაგან ერთ-ერთზე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა სინვარი ყოფილიყო.

ისრაელის პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ იაჰია სინვარის ცხედარი, თავდაპირველად, მისი სტომატოლოგიური ჩანაწერების ანალიზის შედეგად ამოიცნეს. მოგვიანებით, კი ეს თითის ანაბეჭდებითაც დადასტურდა.

იაჰია სინვარი წლების განმავლობაში ისრაელის ციხეში იმყოფებოდა. სწორედ აქედან აქვს მოპოვებული ისრაელს ორივე ეს ჩანაწერი და მათ შორის დნმ-ის ნიმუშები.

იაჰია სინვარი ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ივლისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა ლიდერი ისმაილ ჰანიე ისრაელმა მოკლა.

1988 წელს სინვარი ორი ისრაელელი სამხედროსა და ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ოთხი პალესტინელის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სინვარმა ისრაელის ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა.

2015 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა.

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზაში, ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. ათობით წლით ადრე 1948/49 წლის ომის შედეგად, ნაკბას დროს, მისი ოჯახი ალ მაჯდალის სოფლიდან გაიქცა. იაჰია სინვარი პალესტინურ დაჯგუფებას 1980-იან წლებში შეუერთდა და ჰამასის სამხედრო ფრთხის მხარდაჭერაზე იყო პასუხისმგებელი.