იორდანიაში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში მიემგზავრება. ბლინკენმა იორდანიაში ისრაელში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა - ის შეხვდა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს.
ბლინკენის ვიზიტის შესახებ ცნობების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება - მათ შორის ერთ-ერთში ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. თურქეთში გამართულ აქციაზე ერდოღანი სიტყვითაც გამოვიდა და ისრაელს ოკუპანტი უწოდა. ამის შემდეგ, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან დიპლომატები გაეწვია.
მანამდე, ერდოღანმა ჰამასს არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ "განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა, ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქეთმა მას "ხაზი გადაუსვა". ერდოღანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ "აღარ არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია".