ბეჟაშვილი: სებ-ის სახელით თურნავას გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივია

ბეჟაშვილი: სებ-ის სახელით თურნავას გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივია

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება "უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია" და საერთაშორისოდ სანქცირებულ პირებს სანქციებიდან თავის არიდებაში უწყობს ხელს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბეჟაშვილმა განმარტა, რომ ცვლილებები რეპუტაციულ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას და მას საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია მოჰყვება.

"ეროვნული ბანკის სახელით ნათია თურნავას გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი და ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისოდ სანქცირებულ რუს-ქართველ ოლიგარქს, რუსეთის FSB-ს ოფიციალურად აღიარებულ აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს სისტემაში მოეხსნა საერთაშორისო სანქციები და მიეცა საშუალება, თავისუფლად განკარგოს ხალხისგან მოპარული და რუსეთიდან მიღებული შავი ფული. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია და პრაქტიკულად, ეს რეგულაცია თავისი მასშტაბით უტოლდება რუსული აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას.[...]

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს, სახელმწიფო მიტაცებულია და ქართული ოცნება არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპებს, ახდენს ძალაუფლების უზურპაციას და სახელმწიფოს მიტაცებას. ივანიშვილის კლანისთვის სასარგებლო ცვლილებები დაწესება გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია, პრობლემები შეექმნება ქართულ ბანკებს, პრობლემები შეექმნება მოქალაქეებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მათ ანაბრებს და პენსიებს"- თქვა ბეჟაშვილმა.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.