"შევქმნით სამუშაო ჯგუფს" - ბერსეს თქმით, მთავრობისგან რუსული კანონის შეცვლის გარანტიები მიიღო

"შევქმნით სამუშაო ჯგუფს" - ბერსეს თქმით, მთავრობისგან რუსული კანონის შეცვლის გარანტიები მიიღო

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თქმით, საქართველოს მთავრობამ გარანტიები მისცა, რომ ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს შეასწორებდა. ამის შესახებ მან ქართულ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მივესალმები მთავრობის გარანტიებს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესწორების თაობაზე. ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბებთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ჩართული იქნება ვენეციის კომისია, რათა განხორციელდეს ცვლილებები ამ კანონმდებლობაში", - განაცხადა ბერსემ.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ანტი-ლგბტ დისკრიმინაციული კანონით და აღნიშნა, რომ ის შეუთავსებელია სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ საქმეებთან და ევროპულ სტანდარტებთან.

როგორც ბერსემ მოგვიანებით განმარტა მიიღეს დაპირება, რომ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას შემდეგ კვირებში დაიწყებენ.

"რა თქმა უნდა, დაგვჭირდება გარკვეული დრო. გინდათ, რომ დღე შუადღესვე ვთქვათ, სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები, ჩვენი ექსპერტებიც... ერთი კვირა, ათი დღე, საშობაო არდადეგები იქნება. ვენეციის კომისიას ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბე და დაიწყე მუშაობა. ჩვენ ამას დავაორგანიზებთ, ეს არის კვირების და არა წლების ამბავია, ოღონდ ერთ თვემდე კვირების. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი და ამ პროცესმა წინ უნდა დაიწყოს სვლა", - თქვა ბერსემ.