გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მისი თქმით, ევროკავშირი ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება.
ამის შესახებ ბერბოკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ის სამხედრო დახმარება, რასაც უკრაინას ვაწვდით, ძალიან ცოტაა. ახლა ომის 731-ე დღეა, ეს სისასტიკის 731-ე დღეს ნიშნავს. ჩვენ გვჭირდება მეტი შეიარაღება, მეტი საჰაერო თავდაცვა, მეტი არტილერია. სამწუხაროდ, ჩვენს საწყობებში ახლა ამდენი აღარ არის. ჩვენ ის უნდა ვაწარმოოთ.
ჩვენი საერთო მომავალი არის ევროკავშირში, მაგრამ არა აბსტრაქტულად, თქვენთან [უკრაინასთან] ერთად. ევროკავშირი ლისაბონიდან ლუჰანსკამდე გაფართოვდება", - ამბობს ბერბოკი.
გუშინ, ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ბერბოკი დმიტრო კულებასთან ერთად დნიპროს ეწვია. მისი ვიზიტისას ქალაქში საჰაერო განგაში დაიწყო, რის გამოც მინისტრს 20 წუთის თავშესაფარში გატარება მოუწია.