ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ის ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა.
შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა სი ძინპინს უთხრა, რომ "ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი".
"ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი. ვფიქრობ, უკვე ამაში დარწმუნება ჩინეთში აღარავის სჭირდება. ეს მეგობრობა უკვე 30 წელს ითვლის და ამ გზიდან არც ერთხელ გადაგვიხვევია არც მარცხნივ და არც მარჯვნივ", - თქვა ლუკაშენკომ.
ამასთან, შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთსა და ბელარუსს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება განსაზღვრულია ორი ქვეყნის იდეოლოგიების ერთიანობით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, პროცესების ლოგიკით.
ბელარუსული მედია წერს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სი ძინპინს შორის ორმრივი მოლაპარაკებები დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს ბელარუსის პრეზიდენტისა და ჩინეთის ლიდერის მეორე შეხვედრაა. მათი პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში შედგა.