ბალტიის ქვეყნების 347 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აეკრძალათ. სიაში მოხვდნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასიც.
ამის შესახებ განცხადება თანდართული სიით, რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზად ქვეყნის მიმართ "მტრული დამოკიდებულება" სახელდება.
სიის სათავეშია ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგა. მას კიდევ ორი ათეული ადამიანი მოჰყვება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და დევნიან რუსულენოვან მოსახლეობას".
ამასთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა აქვს გამოცხადებული.