BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
ბაიდენმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდის გამო შეშფოთებულია.
"ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი გვაქვს. ისრაელის პრემიერ მინისტრმა და ჰამასმა ამაზე საუბარი ახლავე უნდა დაიწყონ", - აღნიშნა მან.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ახლახანს განაახლეს, თუმცა პროგრესის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ნეთანიაჰუს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ ისრაელს ირანის საფრთხისგან დაიცავს. ირანი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ისრაელის მთავარი მტერია.
31 ივლისს, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.
ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.