ბაჩიაშვილი: რ2-ის პროცესის დამთავრებამდე ივანიშვილი მთავაზობდა, ტელევიზია მე გამეფორმებინა

ბაჩიაშვილი: რ2-ის პროცესის დამთავრებამდე ივანიშვილი მთავაზობდა, ტელევიზია მე გამეფორმებინა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესების მიმდინარეობისას შესთავაზა, რომ ტელევიზია მას გაეფორმებინა.

მისი თქმით, ამ შეთავაზების დროს ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცოდა, რა განაჩენი დადგებოდა რუსთავი 2-ის საქმეზე. ის ამბობს, რომ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის პროცესის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე მე მთავაზობდა, რომ გამეფორმებინა რუსთავი 2. შენ ბიზნესმენი ხარ და აჩვენე, რომ გაქვს ამის საშუალება, რომ ეს ტელევიზია გქონდესო. მე მაშინ უარი განვაცხადე, რა თქმა უნდა, რადგან ამ უკანონობაში არ მივიღებდი მონაწილეობას და ეს მახსოვს. ესე იგი, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცოდა ის განაჩენი, რომელიც უნდა დამდგარიყო [რუსთავი 2-ის საქმეზე]", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, კერძოდ, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მან 2015 წლის ზაფხულში, პირადად მობილიზებული და ინვესტორების მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.