აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა. სალივანის თქმით, თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა.
მან განაცხადა, რომ აშშ იაზრებს, რომ არსებობს სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკი, თუმცა ასევე არსებობს უდიდესი რისკი, თუ "რუსეთი უკრაინის უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს და მეტ უკრაინელ მოქალაქეს დაიმორჩილებს, რადგანაც უკრაინას არ აქვს საკმარისი არტილერია". გარდა ამისა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი კასეტურ საბრძოლო მასალას კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან იყენებს.
"უკრაინა მას არ გამოიყენებდა უცხო ტერიტორიაზე. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ. ისინი იცავენ საკუთარ მოქალაქეებს. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ გამოიყენონ ნებისმიერი სისტემა ისე, რომ მოქალაქეებისთვის ეს რისკები მინიმუმამდე დავიდეს", - განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, უკრაინული მხარისგან მიიღეს გარანტიები, რომ კასეტურ ბომბებს "მაქსიმალური სიფრთხილით" გამოიყენებენ.
მოგვიანებით, კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებაზე ოფიციალურად განაცხადა პენტაგონმაც.
კასეტური საბრძოლო მასალა ბომბებს დიდი ტერიტორიაზე ავრცელებს, შეჯახების დროს ბომბები შეიძლება არ აფეთქდეს და გრძელვადიანი საფრთხე შექმნას. კასეტური საბრძოლო მასალა 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია და შესაბამისი კონვენციის ხელმომწერია. აშშ და უკრაინა კონვენციის ხელმომწერები არ არიან.