აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ორივე მხარე ერთგულია უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებაზე ქვეყნის პრეზიდენტებს 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი, მაგრამ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრესკონფერეციისას, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კამათის გამო ვერ მოხერხდა.
უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიჰალს გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც:
- უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
- უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
- უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
- აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
- ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
- შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.