აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში და იქმნება "სტრატეგიული პარტნიორობის კომისია".

"ეს კომისია მოგვცემს სამუშაო ჩარჩოს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მრავალ საკვანძო სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ინკლუზიისა და კომუნიკაციის საკითხებში", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.