
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI Act-ის განხილვა უკვე დასრულდა. რამდენიმე საათში მას კენჭს უყრიან.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავდნენ. კანონმდებლებმა MEGOBARI Act-თან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს - 4 კანონმდებელი კანონპროექტს მხარს უჭერს, 1 კი - ეწინააღმდეგება.
სიტყვით გამოსვლის დროს რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, ბრაიან მასტმა საქართველო-აშშ-ის მრავალწლიან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობა "შეირყა" მმართველი პარტიის ქმედებების გამო, "რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით".
მან ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ ის საქართველოს "ალტერნატივას სთავაზობს".
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჯილდოოს პარტნიორები კარგი საქციელისთვის. ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ის მათ მხარდაჭერას ცდილობს და მისი მიზანია, დაეხმაროს ხალხს არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების დასჯით, რომლებიც მათ აშშ-ს აშორებენ", - თქვა მან სიტყვით გამოსვლის დროს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ ოლსზევსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს ასევე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით.
კანონპროექტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ MEGOBARI Act არის პასუხი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე.
"ეს კანონპროექტი არის პასუხი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე. ეს აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით დემოკრატიის გზაზე, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ. ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომ კონგრესი თვალს ადევნებს მათ და მხარს უჭერს", - თქვა მან.
სიტყვით გამოსვლა მშვიდობიან დემონსტრანტებზე საუბრით დაიწყო რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა. მან გამოსვლის დაწყებისთანავე თქვა, რომ "155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად".
ჯო უილსონის თქმით, ქართული ოცნების რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა.
"[რეჟიმი] აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს კორუფციაში და დიფ სთეითის დაქვემდებარებაში ადანაშაულებს. გასულ კვირას მთავრობის ერთ-ერთმ წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი დიფ სთეითის იარაღი იყო", - თქვა ჯო უილსონმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით ჯო უილსონმა თქვა, რომ ის მოიცავს სანქციებს ქართული ოცნების "ავაზაკებისთვის" - მათი უკანონო ქმედებების გამო და ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა თავის კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებებს დაუბრუნდება.
"დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნების დროს, რომლის შედეგადაც ქართული ოცნება აირჩიეს. მაგრამ, ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად" - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა დემოკრატმა სტივ კოენმა.
მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ისინი გააყალბა, რასაც მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები, რის შემდეგაც, ქართულმა ოცნებამ "დააორგანიზა მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვა, მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობა...".
სტივ კოენის თქმით, აშშ დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოში თავისუფლებას და MEGOBARI Act "ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა".
"[MEGOBARI Act] შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, ისინი დასანქცირდებიან", - თქვა მან.
რაც შეეხება რესპუბლიკელ უორენ დევიდსონს - მან კანონპროექტის საწინააღმდეგო მოსაზრება დააფიქსირა და თქვა, რომ "ეს არასწორი კანონპროექტია, კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან".
"ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვეპატიჟებიან და, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება. [...] შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ ევროპის დაცვის ძალად ჩამოყალიბების დაპირება არ გავცეთ", - თქვა მან.
მან იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები ფოკუსირებულები დარჩებიან პოლიტიკაზე - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", რასაც უორენ დევიდსონის თანახმად , MEGOBARI Act-ის მხარდაჭერა არ მოიაზრებს. მან სხვებსაც მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.