არქიმანდრიტი დოროთე კურაევის არშემოშვებაზე: მეტყველებს, რომ საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს

არქიმანდრიტი დოროთე კურაევის არშემოშვებაზე: მეტყველებს, რომ საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის ანდრეი კურაევის არშემოშვების ფაქტი მეტყველებს, რომ სახელმწიფო საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს.

ეს განცხადება მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში გააკეთა.

"ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმას, რომ ჩვენს სახელმწიფო საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს. ვინც მას უპირისპირდება, იმას ჩვენთან როგორ შემოუშვებდნენ, ხომ? არ შემოუშვეს. სხვა მას დანაშაული არ გააჩნია, არავითარი, არც რაიმე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა ექნებოდა, არაფერი, უბრალოდ ის დაპირისპირებულია რუსულ მიმართულებას, რა რეჟიმიც რუსეთშია, ასევე მისი ეკლესიის ქცევებს და ის თავისთავად გამოდის მათი მტერი და ვინც რუსეთის მტერია, ის საქართველოში არასასურველი პირია, როგორც ჩანს. მიზეზი ეს იქნებოდა, მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ", - თქვა არქიმანდრიტმა.

დღეს ფორმულასთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს.

ის საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა, 5 თებერვალს უნდა ჰქონოდა ლექცია, თუმცა საზღვარზე შეაჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს.

ანდრეი კურაევს საზღვარზე გადასცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, მას 3 წლის მანძილზე საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.

ანდრეი კურაევს თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უნდა ჩაეტარებინა ლექცია, სახელწოდებით - "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია - 100 წელი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში".

მართლმადიდებელი თეოლოგი ანდრეი კურაევი მოსკოვის საპატრიარქოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. 2020 წელს მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ ის "კრიტიკული განცხადებების გამო" სასულიერო ხარისხიდან განკვეთა, გადაწყვეტილება კი ძალაში 2023 წელს შევიდა, როდესაც მას ხელი მოაწერა რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

ანდრეი კურაევი საჯაროდ აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე პატრიარქ კირილის პოლიტიკას და მის ურთიერთობას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მან ღიად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო, 2022 წელს კი უკრაინაში შეჭრის გამო, რის გამოც ის "რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2023 წელს ანდრეი კურაევი "უცხოელი აგენტების სიაში" დაამატა.

ამჟამად ანდრეი კურაევი მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით მსახურობს, ის პროტოდიაკონია.