პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს.
TV პირველის კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთისა და ქართულ ოცნების ინტერესებს შორის თანხვედრა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის ნიშნები არის.
"არის რაღაცა ნიშნები, მეც ყველგან, რაც არ უნდა მათ თქვან, რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და ოცნებას და ა.შ. ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს და ყველგან ამას ვამბობ, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს, რომელიც არის შეიძლება სიფრთხილის ნაწილში, თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში რაღაც ცდუნებები, რაც ალბათ, არსებობს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და ჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ის ხელისუფლება ვერასდროს იარსებებს საქართველოში, იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და უწყვეტი ნება საქართველოს მოსახლეობის, რომ არასოდეს არ დაუბრუნდეს რუსეთის წიაღში", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ საქართველოს სურს, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს ფორმატში გადავიდეს, ქვეყნის ინტერესი კოალიციური მთავრობა უნდა იყოს.
"დადგა დრო, როცა საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა, არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამდენი წელი, რაც დამოუკიდებლობა შემოვიდა, მეტ-ნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში, ეს არის რაც, ალბათ, უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ფორმატში და ეს არის საქართველოს ინტერესი და რუსეთის ინტერესი რუსებმა იფიქრონ ამაზე, რა არის მათი ინტერესი", - ამბობს ზურაბიშვილი.