არძინბა: შემოსვლას ავუკრძალავთ NGO-ებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ

არძინბა: შემოსვლას ავუკრძალავთ NGO-ებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 16 ნოემბერს თქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი აუკრძალავს შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ.

ეს განცხადება მან 16 ნოემბერს, სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულება უახლოეს დროში გამოიცემა, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაში ცვლილებებს შეიტანს.

შეხვედრაზე არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც მან შეაფასა, როგორც "არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა". ამასთან, მან თქვა, რომ "მათთვის, ვისაც სურს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განადგურება და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად განხილვა, უახლოეს მომავალში კარი დაიკეტება".

გარდა ამისა, შეხვედრაზე არძინბამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია "კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად" და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად".

არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.