"არა მონობას!" - ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"არა მონობას!" - ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"არა მონობას!" - ამ სახელწოდებით ჯარში გაწვევის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გირჩის წევრის, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

"ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ ღირსეული ხელფასი გადაუხადონ ჯარისკაცებს და ისეთი პირობები შევქმნათ, რომ თავისი ნებით მიდიოდნენ ჯარში ადამიანები. და მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ ჯარზე იზრუნოს, იმის ნაცვლად, რომ იარაღი იყიდოს, მსახურების პირობები გააუმჯობესოს, წესიერი ხელფასი გადაუხადოს, ამას არაფერს არ აკეთებს და მერე ძალით მიჰყავს ახალგაზრდები", - აცხადებს რაქვიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შედის და სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.

"ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:

თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;

ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს."- წერია განცხადებაში.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს. კანონპროექტის პაკეტი ამ ეტაპზე კომიტეტებმა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე არ გასულა.

რიგ საკითხებთან ერთად ახალი კოდექსი სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებისთვის.