საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში სამაშველო სამუშაოების დროს "არაფერი დაუკლიათ". კითხვაზე, რატომ თქვეს უარი სხვა ქვეყნების დახმარებაზე, მღებრიშვილი ამბობს, რომ "ცოცხალი ძალისა და სპეციალური აღჭურვილობების რესურსი იმაზე მეტად იყო მობილიზებული, ვიდრე შესაძლოა გონივრული იყოს".
ბრიფინგზე მღებრიშვილმა განმარტა, რატომ არ იყო ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება სტიქიის პირველ ღამეს და თქვა, რომ "არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გარისკავდნენ".
"ჩვენ ყოველთვის, ნებისმიერ ინციდენტზე გვაქვს გათვლა ყველაზე უარესზე. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და დავაკელით თუ არა რამე - მე რომ ამ კითხვას დამისვამთ, ალბათ ჩამთვლით სუბიექტურად, თუკი გიპასუხებთ ჩემს მოსაზრებას და ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია. 3 ვერტმფრენი იყო მობილიზებული - ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ იყვნენ მზად გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისიდან ვერ აფრინდა ვერტმფრენი, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით და ეს ის დროა, როცა სწრაფი რეაგირების ჯგუფები, დაახლოებით პირველი ვერავისკენ რომ ჩამფრინდა, ჩამოვიტანეთ 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. არაფერი არ დაგვიკლია. ბრძანეთ თქვენ, რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი, ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული.
ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ აქაც, კიდევ ერთხელ ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად არ გავურბივარ მაგ კითხვას - ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო - გვქონდა ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა არეალს, რომელიც იყო დატბორილი. [...] არ არსებობდა გარისკვის არც ერთი თუნდაც მცირე შანსი, რომ ჩვენ არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილას გახიზნულები, იმის შემდგომ რაც დაფიქსირდა, ის უბედურება და გარდაიცვალნენ ადამიანები, იმის შემდეგ კარგად იცით, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის", - განაცხადა მღებრიშვილმა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.