უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს ბელგოროდში. მისი თქმით, უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.
"რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში Ил-76-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ.
არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს მოჰფენს Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. ამავდროულად, უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე. რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას", - ამბობს პოდოლიაკი.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში, რომელიც 24 იანვარს ბელგოროდში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა და ისინი გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.
27 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელგოროდის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველი განცხადება გაავრცელა. Ил-76-ის ჩამოვარდნას რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფიდან მესამე დღეს პეტერბურგში გამოეხმაურა, სადაც სამხედრო მოქმედებებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსია გაიმეორა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ერთწუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ირწმუნება, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეების ჩასხდომის პროცესია ასახული.