ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს. სავარაუდოა, რომ პროცესი დასრულებისკენაა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამ არხმა, რესპუბლიკამ გაავრცელა.
კიდევ ერთი ტელეგრამ არხი იტყობინება, რომ ე.წ. ხელისუფლებას ე.წ. შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს.
მანამდე ნუჟნაია გაზეტა წერდა, რომ ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება პარლამენტში ბრუნდება. გამოცემის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს.
ამას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.
აღსანიშნია, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წყლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომა იყო დაშვებული.
ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე ხმა ამოიღოს.
"ხელისუფლება ვერ ბედავს, ხმა ამოიღოს ბიჭვინთის ანექსიის იმ პროცესზე, რომელიც გარდაუვლად დასრულდება რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ამ მოცემულობაში, ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ ზეწოლის ინსტრუმენტების გაძლიერებას, იქნება ეს ენერგეტიკული სექტორის გამოყენებით და უშუქოდ დატოვების საფრთხით აფხაზური საზოგადოების, იქნება ეს მათ შორის, ბიუჯეტის მოჭერით და სოციალური პრობლემების შექმნით. რა პასუხი აქვს მთავრობას და რატომ არ უზრუნველყო ის, რომ საერთაშორისო პარტნიორობის რეაგირება, სანამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გაფორმდება, იქამდე რეაგირება იყოს", - ამბობს აქუბარდია.