ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს ბრალი წარუდგინეს - მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს ბრალი წარუდგინეს - მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და იუმორისტ ონისე ცხადაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ჭიჭინაძის ინტერესების დამცველის, მარიამ ჯიქიას ცნობით, ბრალში წარმოდგენილი ინფორმაცია მსახიობთან კავშირში საერთოდ არ არის, რაც მის ნებისმიერი ტიპის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას გამორიცხავს.

"ანდრო კარგად გრძნობს თავს. ბრალდების მხარემ დღეს წარუდგინა ბრალი, რომელიც გულისხმობს 225 მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას. ბრალში იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ანდროსთან. არის ბლანკეტურად აყრილი ფაქტები და გარემოებები, ადამიანის სახელი და გვარები, რომელთაც საერთოდ არ იცნობს ანდრო, რაც გამორიცხავს მის ნებისმიერი ტიპის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას", - გაანცხადა მარიამ ჯიქიამ.

ონისე ცხადაძის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალის წარდგენის პროცედურები უკვე დასრულდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში ედება ბრალი, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვაღიარებთ და ვიყენებთ დუმილის უფლებას", - განაცხადა ცუცქირიძემ.

ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე გუშინ დააკავეს. შსს ამბობს, რომ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამასთან, ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაკავებული 3 პირის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ბრალის დადგენილები აბსოულუტურად ზოგადი ხასიათისაა, ტექსტი 90% იდენტურია და განსხვავებულია მხოლოდ სახელებია.

"ამ ეტაპზე სამი პირის ინტერესებს ვიცავ, აქედან 2 პირის შემთხვევაში ბრალის დადგენილებები უკვე გადმოგვეცა. ამ 2 პირის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმოდგენილი ბრალის დადგენილები აბსოულუტურად ზოგადი ხასიათისაა, ტექსტი 90% იდენტურია და განსხვავებულია მხოლოდ სახელებია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ არის აღწერილი დროის რომელ მონაკვეთში, რა კონკრეტულ ღონისძიებაში, მოქმედებაში გამოიხატა დანაშაული", - აღნიშნავს ფურცელაძე.

ანტისამთავრობო პროტესტის დროს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული, 20 წლის რევაზ კიკნაძე იზოლატორიდან წერს, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა. ამასთან, ბრალი წარუდგინეს 20 წლის ლუკა ჯაბუასაც.

ბოლო ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 23 პირი დააკავა.