საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თამაზ გინტურის სიკვდილით "გახარებულია".
"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია".
ჟურნალისტებმა გია ვოლსკის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხეს. მან ხვალ, 8 ნოემბერს ევროკომისიის შეფასების პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება დააანონსა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს "ღირსება არ გააჩნია, თვალთმაქცობს და ყალბ განცხადებებს აკეთებს".
"რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში", - თქვა ვოლსკიმ.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.