აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს - ადგილზე განლაგდა პოლიციაც

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს - ადგილზე განლაგდა პოლიციაც

ამ წუთებში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

ჭავჭავაძის გამზირი გაათავისუფლა პოლიციამაც და მელიქიშვილის გამზირზე განლაგდა.

"ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე გავჩერდით. ხედავთ მგონი ყველანი, სადაც გავჩერდით. დანარჩენი, თუ რამე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ვეტყვით. ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვაძლევთ მანიფესტანტებს უფლებას, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში", - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს "ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის" 15-წუთიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით დაიმუქრა.

ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილზე გადანაცვლებისკენ აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს.

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, დიდი რაოდენობით პოლიცია დილის 06:00 საათისთვის გამოჩნდა. პოლიცია მობილიზებული იყო გმირთა მოედანსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზეც.