აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ კობახიძე შსს-ს და გომელაურს დღეს მეორედ უხდის მადლობას

აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ კობახიძე შსს-ს და გომელაურს დღეს მეორედ უხდის მადლობას

ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრს ვახტანგ გომელაურს დღეს უკვე მეორედ გადაუხადა მადლობა.

მან ჯერ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გადაუხადა მადლობა შს მინისტრსა და პოლიციელებს, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ის კვლავ ირწმუნება, რომ აქციაზე არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევები.

"მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს, გუშინ, ისევე როგორც გუშინ წინ თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. თან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური, უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის.

თქვენ ხედავდით გუშინ, გუშინ წინ, არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, რეაგირება პოლიციის მხრიდან იყო თავისთავად თავიდან ბოლომდე პროპორციული, თუმცა არავითარი რეაგირება, განცხადება მომიტინგეების წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც სამწუხაროა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.