როდესაც საქმე ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება, ყველას გვესმის პირველადი დახმარების მნიშვნელობა. შედარებით მარტივია ჩვენთვის, შევამჩნიოთ ფიზიკური დაზიანების ნიშნები მცირე ჭრილობიდან დაწყებული უფრო მძიმე დაზიანებამდე და საჭიროების შემთხვევაში გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მენტალურ ჯანმრთელობას, სიტუაცია განსხვავებულია. ადამიანებს უჭირთ მენტალურ ჯანმრთელობასა და თანმხლებ სირთულეებზე ღიად და სირცხვილის გარეშე საუბარი, რადგან დიდია სოციალური წნეხი და სტიგმა მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ. ეს ყველაფერი ართულებს მენტალური სირთულეების პირველადი ნიშნების შემჩნევას.
სწორედ აქ გვეხმარება ახალი კონცეფცია - მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარება (MHFA-Mental Health First Aid). ეს მიდგომა გვაძლევს ცოდნას და თავდაჯერებულობას, ადამიანებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება მენტალური კრიზისის დროს, სანამ პროფესიონალები ჩაერთვებიან პროცესში. კონცეფცია შემუშავდა ავსტრალიაში, 1997 წელს და მას შემდეგ 25-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება, მათ შორის შეერთებულ შტატებში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში. სასწავლო პროგრამა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სოციალურ სივრცეებში, როგორიცაა სკოლები, უნივერსიტეტები და სამსახურები. მთავარი აქცენტი სწავლებისას კეთდება უნარებისა და ნდობის განვითარებით თანამგრძნობი სოციუმის შექმნაზე.
ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები. 2023 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, რომელიც საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 18-24 წლის ახალგაზრდებში, ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან სულ მცირე ერთს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი და ყოველწლიურად დაახლოებით 46 000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ეს სტატისტიკა ადასტურებს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობისა და მხარდამჭერი სერვისების განვითარების აუცილებლობას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. როგორც ლონდონის UCL-ის Youth Mental Health First Aid ჯგუფის მკვლევარს, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა პროექტზე, რომელიც აფასებდა მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების პროგრამის ეფექტურობას განათლების, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების პერსპექტივებიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ Youth Mental Health First Aid-ის პროგრამა, რომელიც ლონდონის სკოლებში აქტიურად მუშაობს, ეფექტური მიდგომაა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნისა და ნდობის გაზრდისთვის და სტიგმის შესამცირებლად. საინტერესოა ისიც, რომ მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების ტექნიკების ცოდნის სარგებელი სცილდება მხოლოდ სამუშაო ადგილს ან სკოლის გარემოს, ეს ცოდნა ეხმარება ადამიანებს, გახდნენ უფრო პროაქტიული საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ და უფრო სრულფასოვნად იცხოვრონ.
მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების აკრონიმი არის ALGEE, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება:
შეაფასე რისკი (A-Assess risk) - პირველადი დახმარების აღმოჩენა იწყება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნებისა და სიმპტომების შემჩნევითა და მისი პრობლემურობის შეფასებით. მაგალითად, თუ ამჩნევ, რომ ადამიანის ქცევები, ხასიათი და განწყობა მკვეთრად შეიცვალა ან სხეულზე თვითდაზიანების ნიშნები აქვს, მნიშვნელოვანია მივიდეთ მასთან და ვკითხოთ როგორ გრძნობს თავს. მენტალურ მდგომარეობაზე დიალოგის ინიციირებისთვის შეგვიძლია შემდეგი ფრაზები გამოვიყენოთ - “როგორ ხარ?” “შეგატყვე, რომ...“. თუ ეცდება, რომ მოკლე პასუხი გაგცეთ, როგორიცაა „კარგად ვარ.“ ეფექტურია, რომ კითხვა მეორედაც გაუმეოროთ: „მართლა როგორ ხარ?“ ან „დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ?“ თუ ატყობთ, რომ სუიციდური ფიქრები აქვს, მაშინ პირდაპირ უნდა კითხოთ, „სუიციდური ფიქრები გაქვს“ ან „თვითმკვლელობაზე ფიქრობ?“. გავრცელებული რწმენის საპირისპიროდ, რომ ამ კითხვით, შესაძლოა, სუიციდზე ფიქრები ჩავუნერგოთ ადამიანს, მეცნიერული კვლევებით ვხედავთ, რომ პირდაპირ კითხვის დასმა ბევრად უფრო ეფექტურია, რადგან ეს საშუალებას აძლევს მას, რომ ილაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე და ასევე გრძნობს, რომ ვიღაცას აღელვებს და ზრუნავს მასზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, კითხვა არ შეიცავდეს შეფასებით და განსჯით სიტყვებს, მაგალითად, „რამე სისულელეს გაკეთებაზე ხო არ ფიქრობ?“. როცა დიალოგს ვიწყებთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, უკეთესია ღია კითხვები გამოვიყენოთ, ეს მიდგომა ეხმარება ღია და გულწრფელი საუბრის წამოწყებას.
სხვა კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ დიალოგის ინიციირებისთვის გამოიყენოთ:
„როგორ გრძნობ თავს ახლა?“
„რამდენი ხანია ასე გრძნობ თავს - დიდი ხანია ასე გრძელდება?“
„როგორი ფიქრები გაქვს?“
„როგორ შემიძლია დაგეხმარო?“
კრიზისული სიტუაციის შეფასებისას ყველა ადამიანი და ყველა მენტალური ჯანმრთელობის სირთულე განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა კრიზისულ სიტუაციასთან ინდივიდუალური მიდგომა. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ამ ადამიანის პირადი სივრცე, თუ კომფორტულად არ გრძნობს თავს, რომ თქვენ გესაუბროთ, მაშინ წაახალისეთ, რომ ამ თემაზე ესაუბროს ისეთ ადამიანს, ვისაც კარგად იცნობს და ენდობა.
მოუსმინე განსჯის გარეშე (L- Listen non-judgmentally) – მეორე ეტაპი პირველადი მენტალური დახმარების არის თანამგრძნობი მოსმენა, რაც გულისხმობს მეორე ადამიანისთვის შეწყვეტინებისა და განსჯის გარეშე საშუალების მიცემას, რომ ილაპარაკოს მის შეგრძნებებსა და გამოცდილებებზე. გულწრფელი დიალოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ადამიანისთვის კომფორტული გარემო შეარჩიოთ, თუ იმ გარემოში სადაც არის არ გრძნობს თავს კარგად, უკეთესია შესთავაზოთ გარეთ გასეირნება, ან სხვა ოთახში გასვლა.
მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარება გულისხმობს, რომ მოსმენისას პატივი სცეთ ამ ადამიანსა და მის ფიქრებს მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ სხვადასხვა ვერბალური და არავერბალური უნარები, როგორიცაა მთელი სხეულით მისკენ მიბრუნება, თვალებში ყურება და სხვა მოსმენის სტრატეგიები, რომ დიალოგში აქტიურად ჩართოთ.
მიაწოდე ინფორმაცია და გაამხნევე (G - Give information and encouragement)- გულწრფელი დაინტერესებისა და მოსმენის შემდეგი ნაბიჯია პიროვნების გამხნევება, რომ ის მარტო არ არის და რომ დახმარება შესაძლებელია.
წაახალისე პროფესიონალური დახმარება (E – Encourage for professional help)- მნიშვნელოვანია, რომ მიაწოდო ინფორმაცია მენტალური ჯანმრთელობის პროფესიული დახმარების შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მიწოდებას ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებისა და რესურსების შესახებ საქართველოში:
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს აქვს უფასო კონსულტაცია სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში.
(https://befriend.mes.gov.ge/psychologists/?fbclid=IwAR2z6ubTSRZYkrYq6T_e9n19OWUoaCEeN3n7dNHTbMXLtsiCESze249YI9E)
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ სთავაზობს 14-იდან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს ბათუმსა და თბილისში უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას „კლუბ სინერგიის“ ბაზაზე
(https://www.facebook.com/profile.php?id=100057278956327)
თუ lgbt+ თემის წევრის თანასწორობის მოძრაობა ეხმარება უფასო ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მომსახურების მიღებაში (https://www.facebook.com/equalitymovementgeorgia).
ნებისმიერი მოქალაქისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს აქვს ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება. ცხელი ხაზი - 0322941517
წაახალისე თვით-დახმარება და სხვა მხარდამჭერი მეთოდები (E – Encourage for self-help or other support) - ბოლოს თუ კრიზისული სიტუაცია არ საჭიროებს პროფესიონალებისგან გადაუდებელ დახმარებას, შესაძლოა, მარტივი თვითდახმარებისა და მხარდამჭერი სტრატეგიების გაზიარება, როგორიცაა თვითზრუნვის აქტივობებში ჩართვა:
ა) სამეცნიერო კვლევებიდან ვიცით, რომ ბუნებაში დროის გატარება ადამიანებს ეხმარებათ მენტალურად გაძლიერებაში, განსაკუთრებული დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ზღვას და ზღვის ტალღების ხმის მოსმენას. კვლევების მიხედვით, კვირის განმავლობაში სულ მცირე ორი საათის ბუნებაში გატარებაც კი უკვე საკმარისია მენტალური ენერგიისთვის იმ კვირის განმავლობაში.
ბ) თავის ტვინის ინტეგრაციულ მუშაობას ხელ უწყობს გონების სისავსის მედიტაციები; დღის განმავლობაში ხუთწუთიანი სუნთქვის სავარჯიშოც კი უკვე საკმარისია, რომ სტრესის დონემ დაიწიოს სხეულში და გუნება-განწყობა გაუმჯობესდეს.
გ) ჩვენი ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის ეფექტურია ახალი ჰობის გაჩენა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია საკუთარი თავისა და ინტერესების უკეთ გამოხატვა და უბრალოდ სასიამოვნო დროის გატარება.
გ) ფიზიკური ვარჯიში არის თვითდახმარების აქტიური მეთოდი, რომლის დროსაც ტვინში აქტიურად გამოიყოფა ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც გვეხმარებიან, რომ თავი ემოციურად უკეთ ვიგრძნოთ და ენერგიით შევივსოთ. ფიზიკურად გაძლიერება მენტალურად აძლიერებს ჩვენს გონებას.
გ) ასევე მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალიზაცია - მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სიღრმისეული დიალოგები და მათთან უფრო ხარისხიანი დროის გატარება, როცა ყურადღება მთლიანად მოსმენისა და ერთმანეთთან შეკავშირებისკენ არის მიმართული.
თითოეული ადამიანი იმსახურებს შესაძლებლობას, იცხოვროს ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებით და ეს მოიცავს კარგ მენტალურ ჯანმრთელობას. მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების შესახებ ინფორმირებულობა ღირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნაა. მენტალური ჯანმრთელობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, ჰქონდეთ ემოციურად სავსე და სრულფასოვანი ცხოვრება.
ხათუნა გოგუაძეგანათლების ნეირომეცნიერი, კაიკონას თანადამფუძნებელი, ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების კვლევის ასისტენტი.