კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე საათის წინ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
მისი განცხადებით, დვალი თანახმაა, მარინა ხატიაშვილის ოჯახს ქონება დაუბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი თვის პერიოდში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდის.
ის ასახელებს კიდევ ერთ პირობას, რომელზეც მისი თქმით, ე.წ. მორიგებაშია საუბარი - კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, უნდა შეწყდეს "ზეწოლა და შეურაცხყოფა", რაც სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში "აგრესიული ჯგუფების მიერ" დარეჯან დვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"რამდენიმე საათის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით მოხდა კვლავ დაკავშირება მარინე ხატიაშვილთან, ჩვენ შორის შედგა წერილობით შეთანხმება, ე.წ. მორიგება, გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
ის თანახმაა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ამ თანხაზე ჩვენ შეთანხმებული ვართ, ეს არის 90 000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადაში თუკი გადაიხდის ეს ქალბატონი აღნიშნულ თანხას, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე მოცემულ ქონებას მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, თუკი ეს ანგაჟირებული ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მასმედიაში, ტელეკომპანიებში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟი, მუქარა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ დარეჯან დვალზე, თუკი ეს ჯგუფები შეწყვეტენ ამ მოქმედებებს მის წინააღმდეგ.
ასევე, მეორე პირობაა, რომ მარინე ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში, რაზედაც ჩვენ ვთანხმდებით, უნდა მისცენ უფლება, რომ ისარგებლოს დარეჯან დვალმა აღნიშნული ქონებით", - განაცხადა მან.
23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.