პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.
"პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
15 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.
სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.