ადმინისტრაცია: შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ

ადმინისტრაცია: შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.

"პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის"- ნათქვამია განცხადებაში.