საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ჩამონათვალს რომ წაიკითხავთ, იქ არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი. ბატონო მოსამართლე და სამართალდამცველს ვეკითხები, რომელმა იცით, საიდან იწყება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი? დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ იტყვით იმას, რომ ეს იწყება თავისუფლების მოედნიდან. ანუ, პუშკინის ქუჩა, პატარა ქუჩა, რომელიც ყოველთვის გადაიკეტება, რადგან ეს არის მთავარი საპროტესტო ადგილი და ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. არანაირი მანიშნებელი, რომ ეს არის ავტომაგისტრალი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, არ არის.
შეიძლება პროკურორმა მიპასუხოს, რომ შსს-მ განცხადება გაავრცელაო, სხვა შემთხვევაში რომ არ გაავრცელოს შსს-მ განცხადება და ხალხმა გავიაროთ პუშკინის ქუჩაზე და მოვახდინოთ ბლოკირება, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩავიდენთო. მაგრამ შეუძლებელია ეს ადამიანებმა გაიგონ. [..]
მეტსაც გეტყვით, სამი საერთაშორისო გზა შემოდის თბილისში. ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზა საიდან იწყება რომ გავალთ უნდა ვიკითხოთ, რადგან შეიძლება იქ ვინმეს აქციის ჩატარება მოუნდეს და ასე გამოდის, რომ მთლიანად შეზღუდავთ თქვენ გამოხატვის თავისუფლებას.
მაშინ გამოდის, რომ თქვენ გვიბიძგებთ, რომ სახლში ვისხდეთ. სახლიდან გამოსვლის წინ კი ვრეკოთ, საგზაო დეპარტამენტში, თბილისი მერიაში, თელავის მერიაში, რომ გავიგოთ საიდან იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მერე გამოვიდეთ ქუჩაში. ასეთი განმარტება, რა თქმა უნდა, არის დამღუპველი. აღარაფერს ვამბობ, რომ არანაირი ბლოკირება ყოფილა.
განაცხადა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, რომელმაც სასამართლო პროცესზე საერთაშორისო გზასა და მის ბლოკირებაზე ისაუბრა.