საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ცნობით, აწარმოე საქართველოში დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს.
კერძოდ, TI-ის თანახმად, 2024 წელს 2-ჯერ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია აწარმოე საქართველოდან 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს.
TI-ში განმარტავენ, რომ კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ითხოვდნენ, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მიიღეს. ეს ინფორმაცია კი ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან.
TI-ში ამბობენ, რომ მეორე წერილი ანალოგიური მოთხოვნით მიმდინარე წლის 23 აპრილს გაგზავნეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2021 წლამდე აწარმოე საქართველოს დაფინანსებული საწარმოების სია ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა.
"სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი", - აცხადებენ TI-ში.