SJC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის განცხადება მანიპულაციურია

SJC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის განცხადება მანიპულაციურია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადება მანიპულაციურია.

გამოქვეყნებულ განცხადებაში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტებები გააკრიტიკა.

SJC-ის თქმით, ევროპული სასამართლოს არ უთქვამს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო. არამედ სასამართლომ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანგარიშები, „რამაც საქმის ამ ნაწილში სათანადო გამოძიების შესაძლებლობაც შეზღუდა“

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ უსაფუძვლოა და მანიპულაციური იყო იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თითქოს ”ევროსასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული გასროლის აუცილებლობა“. SJC-ის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გამოძიების ხარვეზულობის გათვალისწინებით, გასროლის ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ შეაფასა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე ამბობს, რომ ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები დაადგინა და „მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება:

იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მანიპულაციურია. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წინამდებარე განცხადებაში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტებების კრიტიკას.

რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ:

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაზეც ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა იყო ის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით ჩატარდა თუ არა 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში კონტრტერორისტული სპეცოპერაცია. ამ ნაწილში კი ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცოპერაცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით ჩატარდა და მისი ჩატარების ნაწილში ხარვეზები ვერ დაინახა.

სინამდვილეში:

ევროპული სასამართლო არსად ამბობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო. ამასთან დაკავშირებით მეტიც, სასამართლო უთითებს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანგარიშები, რამაც საქმის ამ ნაწილში სათანადო გამოძიების შესაძლებლობაც შეზღუდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში კონტრტერორისტული სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, ჩატარდა დაკავების საგამოძიებო მოქმედება, რაც თავად გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა აღიარებული.

ევროპული სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული დრო ჰქონდა დაკავების ოპერაციის დასაგეგმად და მისი მიზანი არ ყოფილა ტერორისტული აქტის პრევენცია.

რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ:

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროსასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული გასროლის აუცილებლობა, დაკავების ოპერაციის დროს და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ამით ფაქტობრივად გამოირიცხა საქმეში ხელყუმბარის ჩადების ვერსია.

სინამდვილეში:

ეს მსჯელობა ასევე უსაფუძვლოა და მანიპულაციური. ევროპულმა სასამართლომ პირველ რიგში მიუთითა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხარვეზულობის გათვალისწინებით, ვერ შეაფასა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გასროლის ნაწილში. სიცოცხლის უფლების არსებით ასპექტზე მსჯელობის დროს სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების ხარვეზების გამო, რომელმაც სამართლებრივად ვერ გადაჭრა მხარეთა ვერსიებს შორის არსებული კონფლიქტი და მას არ მისცა საკმარისი მტკიცებულებები, მისთვის სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევის დადგენა შეუძლებელი გახადა. ევროპული სასამართლო სრულიად სხვა კონტექსტში უთითებს, რომ ის იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არსებობდა წინააღმდეგობის გაწევის რისკი. სასამართლო ამ შეფასებას გადაწყვეტილებაში იყენებს იმ არგუმენტის გასავითარებლად, რომ გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ახსნა, რომ მან მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა. მტკიცების ტვირთის ამგვარი გაგება გახდა ერთ-ერთი წევრი მოსამართლის კრიტიკის საგანიც, რომელმაც მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მოლოდინის მიღება სასამართლოს მხრიდან უსაფუძვლო იყო იმ ფონზე, როცა ხელყუმბარის ამოღების პროცედურის სანდოობა ეჭვქვეშ იდგა და არ არსებობდა სხვა მტკიცებულებებიც, რომელიც ამ ეჭვებს ქმნიდა. ჩვენი ორგანიზაცია, არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან ეფექტიანი კონტროლისა და მტკიცების ტვირთის საკითხზე ამგვარ განმარტებას და გეგმავს ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დიდ პალატაში.

ამასთან, სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქმეზე სუს-ის მიერ ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკა და ხელყუმბარის ამოღების სანდოობა, რადგან ამ მოქმედებით გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაირღვა. აქვე ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე გამოძიების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დარღვევა მთლიანად რისკის ქვეშ აყენებს გამოძიების შემდგომ პროგრესს. ამ პირობებში ცხადია, რომ სასამართლომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების ჩხრეკისა და ამოღების პროცედურის დარღვევა მიიჩნია და ეს პირდაპირ გამორიცხავს, ბატონი ძამაშვილის შეფასებას, რომ ხელყუმბარის ჩადების შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ეჭვები გაქარწყლდა.

რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ:

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე იმსჯელა ცალკეული პროცედურულ საკითხებზე და შეაფასა საქმეზე ჩატარებული გამოძიება, რა დროსაც ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და პროკურატურამ ჩაატარა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, სასამართლომ დაინახა გარკვეული ხარვეზები გამოძიების საწყის ეტაპზე.

სინამდვილეში:

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების ( მე-2 მუხლის) პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე. ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და ფაქტობრივად გამოძიების პრობლემურობაზე განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, 1. სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, ვინაიდან პირველი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები საქმის შედეგით დაინტერესებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რასაც შეეძლო რისკის ქვეშ დაეყენებინა საქმის შემდგომი განვითარება. 2. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოჰკითხა როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, ასევე სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკები, რასაც მათთვის ჩვენებების ურთიერთშეჯერების პირობის შექმნა შეეძლო. 3. პროკურატურამ სათანადოდ ვერ შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე სისხლის კვალი და ყურსასმენის არსებობის საკითხი; 4. განმცხადებლების მონაწილეობა გამოძიების პროცესში ხარვეზიანი იყო და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათი ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიებაში, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების არცერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რის გამოც ოჯახმა ვერ შეძლო გაესაჩივრებინა თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების შეწყვეტა. აქვე, ევროსასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არცნობის მიუხედავად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს და ადვოკატებს ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქმეში მონაწილე სპეცრაზმელების ჩვენების შინაარსის დროული გაცნობის უფლება და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგები ოჯახს დაგვიანებით გააცნეს.

რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ,,ცალკეული პროცედურული დარღვევებიდან“ გამომდინარე სახელმწიფოს დაეკისრა მატერიალური კომპენსაციის გადახდა თ. მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის.

სინამდვილეში:

ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის პარალელურად მოუწევს ხელახლა დაიწყოს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და უზრუნველყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელმაც სწორედ სპეცოპერაციისა და ძალის გამოყენების მართლზომიერების საკითხი უნდა შეაფასოს

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უსაფუძვლო და მანიპულაციური იყო და ის აცდენილი იყო ადამიანის უფლებათა სულისკვეთებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ანგარიშვალდებულებაც მოუწევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე. " - ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში.