
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების საპირისპიროდ, უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ალყაში არ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ამერიკელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც კარგად იცნობენ თავიანთი მთავრობების სადაზვერვო ინფორმაციებს.
წყაროს მიხედვით გამოცემა წერს, რომ ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა, მათ შორის CIA-მ, შეფასებები გასული კვირის განმავლობაში თეთრ სახლს გაუზიარეს. თუმცა, ამის მიუხედავად, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსებმა უკრაინელები კურსკის ოლქში "ალყაში მოაქციეს".
წყაროების თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროპული დაზვერვის შეფასებები აჩვენებს, რომ უკრაინის ჯარები განიცდიან ინტენსიურ ზეწოლას რუსული ძალების მხრიდან, მაგრამ ისინი ალყაში სრულად არ არიან გარშემორტყმულნი.