Reuters-მა 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასკვნის პროექტის ტექსტი მოიპოვა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ლიდერები აპირებენ საქართველო არჩევნებამდე გააფრთხილონ, რომ მისი ხელისუფლება ევროკავშირისკენ ქვეყნის გზას საფრთხის ქვეშ აყენებენ.
"საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოქალაქეები ევროკავშირთან გაერთიანების მომხრენი არიან. ქართული ოცნების მეგობრული რიტორიკა რუსეთის მიმართ, სადაო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებას ითხოვს, კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს - ამ ყველაფერმა დასავლურ ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია", - წერს Reuters-ი.
დასკვნის პროექტის ტექსტის მიხედვით, ბლოკი "ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე", მაგრამ, ასევე "ადასტურებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ".
"ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ მოქმედების ეს გზა საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და ფაქტობრივად აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროპის საბჭო ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოს დაგეგმილ არჩევნებზე თავისუფალ და სამართლიან გარემოს", - იტყობინება Reuters-ი ტექსტის პროექტზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც გაერთიანება თბილისს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენაც მოუწოდებს.