POLITICO წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის შიგნით დარტყმები განეხორციელებინა, თუმცა მხოლოდ ხარკივის რაიონის მახლობლად. ამის შესახებ გამოცემა წერს ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე და კიდევ ორ პირზე დაყრდნობით, რომლებიც გადაწყვეტილებას იცნობენ.
"პრეზიდენტმა ახლახან დაავალა თავის გუნდს უზრუნველყონ, რომ უკრაინამ შეძლოს ამერიკული იარაღის გამოყენება ხარკივში კონტრცეცხლსასროლი მიზნებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ურტყამდნენ ან ემზადებიან დარტყმისთვის", - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ რუსეთის შიგნით შორი დარტყმების ნებართვაზე პოლიტიკა "არ შეცვლილა".
ამავე პირის თქმით, უკრაინამ მიმართა აშშ-ს შეეცვალა ეს პოლიტიკა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში რუსეთმა ხარკივზე შეტევა დაიწყო.
კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში აშშ-მა გადაწყვიტა, დაუშვას უკრაინის "მოქნილობა", რათა ხარკივთან თავი დაიცვას.
როგორც POLITICO წერს, უკრაინას ახლა შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი, როგორებიცაა რაკეტები და სარაკეტო სისტემები, რათა ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომლებიც ხარკივის მიმართულებით გაუშვეს, გამოიყენოს ჯარების მიმართ, რომლებიც ქალაქთან ახლოს რუსეთის საზღვარზე მოგროვდა ან რუსული ბომბდამშენების წინააღმდეგ, რომლებიც ბომბებს უკრაინის ტერიტორიისკენ უშვებენ. მაგრამ ოფიციალური პირი განმარტავს, რომ უკრაინას არ შეუძლია იარაღი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად გამოიყენოს ან შორის მანძილის რაკეტები გაუშვას.
ევროპის რიგმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან იმ შეზღუდვის შესამსუბუქებლად, რომელიც უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას ეხება. თუმცა ვაშინგტონი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელია, ესკალაციის მიზეზით წინააღმდეგი იყო.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრაღაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროებისამებრ კორექტირდება და ადაპტირდება.