თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემის, მუქარის, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ, ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და ძალადობითა და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატურად აუპატიურებდა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა მას.
"თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი (4 ეპიზოდი);
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, (11-ე პრიმა, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი (3 ეპიზოდში)); ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ცემის, (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით), სისტემატური ძალადობის (11-ე პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით) და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტი) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს"- ნათქვამია განცხადებაში.