
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 15 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება.
არასამთავრობოების განცხადებით, უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა.
ისინი მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი.
განცხადება სრულად:
"15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის - დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:
• საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით — ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა;
• ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა;
• თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს.
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.
მოვუწოდებთ ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: