
დამოუკიდებელი რუსული მედიის, Meduza-ს ცნობით, სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) რუსული კომპანიის, Yandex-ის ტაქსის სერვისების მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომა ექნება.
განკარგულების მიხედვით, რომელსაც რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა ხელი, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სრული წვდომა ექნება Yandex-ის ბაზებზე (ადრე ასეთი მონაცემები მოწოდებული იყო მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე).
Meduza-მ მოიპოვა რუსული კომპანიის თანამშრომელთა მიმოწერები, რომელზე დაყრდნობითაც წერს, რომ Yandex Go-სა და Yango-ს მონაცემები ინახება რუსეთში. კომპანიის ხელმძღვანელებმა კი თანამშრომლებისაგან მოითხოვეს, რომ „მომხმარებლებთან საუბრისას, თავი აარიდონ მონაცემთა ცენტრების ამჟამინდელი მდებარეობის შესახებ ინფორმაციის ხსენებას".
" მონაცემთა მთელი ბაზა მდებარეობს რუსეთში. არ არსებობს ფიზიკური და ლოგიკური დაყოფა [საერთაშორისო და რუსულ ნაწილებად]," - ნათქვამია კომპანიის თანამშრომლების მიმოწერაში.
Yandex-ის ორმა თანამშრომელმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ტაქსის სერვისის მონაცემები ახლა მხოლოდ რუსულ მონაცემთა ცენტრებში, მოსკოვის, რიაზანის, ვლადიმირის რეგიონებში ინახება.