საერთაშორისო გამოცემა Meduza-მ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში მოამზადა, სადაც ოცნების მხრიდან ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTQ+ უფლებების შეზღუდვაზე ისაუბრა. თუმცა, მთავარი აქცენტი ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ზე გაკეთდა, რომელიც ტელეკომპანია იმედისა და ლიბერთი ბანკის მფლობელია.
გამოცემის ცნობით, ლონდონში დაფუძნებული კერძო ინვესტიციების კომპანია, Hunnewell Partners საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს.
"რუსეთის წიაღიდან წამოსული მილიარდერის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის ფერფლიდან აღმოცენებულ კომპანია Hunnewell Partners-ს საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე კონტროლის დაწესება, მმართველი პარტიის ხელახალი არჩევის კამპანიის გასაძლიერებლად ედება ბრალად. სანაცვლოდ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც გამოიხატება შესაძლოა ასობით ათასი ქართველი პენსიონერის ექსპლუატაციაში", - წერს გამოცემა.
Meduza წერს, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტელეკომპანია იმედის პროსამთავრობო მიდრეკილება იმ დონემდე გაღრმავდა, რომ ის ცრუ ან სხვა სახის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაზე გადავიდა, რასაც საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები მხარს უჭერდნენ. ამასთან, გამოცემის ცნობით, ოცნებისადმი გულგრილობით არც იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე გამოირჩევა.
"ირაკლი რუხაძე, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, Hunnewell-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის არაერთხელ გამოსულა იმედის გადაცემებში, რათა მხარი დაეჭირა მთავრობის ქმედებებისთვის, რათა ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფი, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდეს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც ცნობილია, Hunnewell-ის კიდევ ერთი აქტივი საქართველოში ლიბერთი ბანკია, რომლის წინააღმდეგაც ადვოკატებმა, ქეთევან ტურაზაშვილმა და გიორგი რეხვიაშლმა სარჩელი შეიტანეს. ქვეყნის ეს სიდიდით მესამე კრედიტორი ყველა სახის პენსიისა და სოციალური გადასახადების გაცემაზე მონოპოლიას ფლობს. გამოცემის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის მსგავსად, ლიბერთის ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ჰყავს.
"ბანკს 354 000-მდე პენსიონერის სისტემატიურ ექსპლუატაციაში სდებენ ბრალს. სარჩელი ორ პენსიონერს ეხება, რომლებსაც 2019 წელს საპენსიო სესხები აიღეს, რეალურად კი ლიბერთი ბანკმა მათზე მაღალი პროცენტი გასცა. პენსიონერებს იმაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ვიდრე ნასესხები ჰქონდათ", - წერია Meduza-ს ანგარიშში.
Meduza ბიძინა ივანიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის პარალელს ავლებს და წერს, რომ Hunnewell-ის გრძელი ისტორია სწორედ გარდაცვლილი მილიარდელისგან იწყება, რომელმაც ქართველი ოლიგარქის მსგავსად ქონება 1990-იანი წლების რუსეთში იშოვა.
"პატარკაციშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მილიარდები ასევე 1990-იანი წლების რუსეთში იშოვა. გასული ათწლეულის დიდი ნაწილის ჩრდილში გატარების შემდეგ, ივანიშვილი ამ წლის დასაწყისში აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა, გლობალური ომის პარტიის თეორიის შემუშავებით, მას ქართული ოცნების ავტოკრატიული, ანტიდასავლური მოძრაობის მამოძრავებელ ძალად თვლიან".
ტურაზაშვილი მიიჩნევს, რომ თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოცნება ხელისუფლებაში დარჩა, მისი სარჩელი დამარცხებისთვისაა განწირული.