ფრანგული გაზეთის, Libération-ის ცნობით, ჩავარდნილი აჯანყების შემდეგ, 1 ივლისს, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
გამოცემის ცნობით, 1 ივლისს, პრიგოჟინი და “ვაგნერის” სხვა მეთაურები კრემლში დაიბარეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას პუტინის გარდა “როსგვარდიის” მეთაური, ვიქტორ ზოლოტოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაური, სერგეი ნარიშკინი ესწრებოდნენ.
პრიგოჟინი, რომელიც აჯანყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, მოსკოვის ცნობით, ბელარუსში გადავიდა. ინფორმაციას ალექსანდრ ლუკაშენკოც ადასტურებდა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტმა 6 ივლისს მოულოდნელად თქვა, რომ „ვაგნერის“ მეთაური რუსეთში დაბრუნდა.
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს Libération-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ პრიგოჟინი და პუტინი მართლაც შეხვდნენ. თუმცა, მისი ცნობით, შეხვედრა არა 1 ივლისს, არამედ 29 ივნისს, ამბოხებიდან ხუთ დღეში შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა “ვაგნერის” მოქმედებები და 24 ივნისს განვითარებული მოვლენები.
„პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა მართლაც გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, მათ შორის ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კამპანიის ხელმძღვანელობა. შეხვედრას თავად პრიგოჟინიც ესწრებოდა“ - თქვა პესკოვმა. მას შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.