Interfax: ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება

Interfax: ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება

რუსული პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი წერს, რომ ინგუშეთი რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას გეგმავს, ამის მიზნად კი "საქართველოსთან კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას" ასახელებს.

ინტერფაქსის თანახმად, ინგუშეთის მეთაურმა მუჰამედ-ალი კალიმატოვმა შეხვედრა გამართა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან იური ბალაშოვთან, ამ შეხვედრაზე მათ ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ასევე, რეგიონში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებაც.

შეხვედრაზე ინგუშეთის მეთაურმა თქვა, რომ "ინგუშეთი მზად არის, რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლოს".

"ინგუშეთი, თავისი მდიდარი ისტორიით და კულტურის იქნება შესანიშნავი ადგილი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდა ადამიანებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის", - თქვა მან.

ინტერფაქსისთვის ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფორუმის ვადებსა და პროგრამას განსაზღვრავს.

"საერთაშორისო ფორუმის მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე იქნება გამახვილებული", - ვკითხულობთ ინტერფაქსის ინფორმაციაში.