ISW: პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება "დიდი ალბათობით" პუტინმა გასცა

ISW: პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება "დიდი ალბათობით" პუტინმა გასცა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ კერძო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება "დიდი ალბათობით" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა.

ISW-ს აზრით, პუტინმა პრიგოჟინს 2 თვის წინ მომხდარი აჯანყების გამო სამაგიერო გადაუხადა. ISW-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის კიდევ ერთი დამფუძნებელი დმიტრი უტკინი დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ვაგნერელების თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოაგდეს.

"როსავიაციამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეორე თვითმფრინავი Embraer, რომელიც ვაგნერს ეკუთვნის, მოსკოვიდან გაფრინდა, თუმცა მალევე ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა - ზუსტად იმ დროს, როცა პრიგოჟინის თვითმფრინავი აფეთქდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ ვაგნერს და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ, ხოლო ვაგნერის მეთაურის მკვლელობა იყო ვაგნერის როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი. ექსპერტების აზრით, პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობდა ვაგნერის განადგურების ოპერაციისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

სპეციალისტების თქმით, პრიგოჟინის და უტკინის მკვლელობა დიდ გავლენას იქონიებს ვაგნერზე, როგორც ბრენდზე. გარდა ამისა, მეთაურებს და მებრძოლებს ლიკვიდაციის შიში ექნებათ და დემორალიზებულები იქნებიან", - წერია მოხსენებაში.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება უშუალოდ პუტინმა გასცა და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ასევე გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდნენ.

***

ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.