ISW: ოკუპანტები ბახმუტს ალყაში ვეღარ მოაქცევენ, საშიშროება, სავარაუდოდ, აღარ არსებობს

ISW: ოკუპანტები ბახმუტს ალყაში ვეღარ მოაქცევენ, საშიშროება, სავარაუდოდ, აღარ არსებობს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ ბახმუტში რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის საშიშროება, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.

ISW-ის შეფასებით, "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბახმუტის აღება მიზნად აღარ აქვს, რადგან ოკუპანტების არაკვალიფიციური ქვედანაყოფები ქალაქის ირგვლივ პოზიციების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რათა დავალება დაასრულონ".

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ჯარმა ბახმუტის დაპყრობის კუთხით სისუსტე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში აჩვენა, რაზეც, მათი აზრით, ვაგნერის ჯგუფის შემცირება მეტყველებს. ომის შემსწავლელ ინსტიტუტს მაგალითად ევგენი პრიგოჟინის განცხადებები მოყავს, რომლებშიც ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და თავდაცვის სამინისტროს მიმართავს. 24 აპრილს პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა "ღალატში" და გამოაცხადა, რომ "ბახმუტის მახლობლად განლაგებული იყო არაკვალიფიციური კადრები, რომლებსაც დავალებების შესრულება არ შეუძლიათ". ISW-ი წერს, რომ ამან, რუსეთის პოზიციები ბახმუტში დაუცველი გახადა.

"ვაგნერის ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ფრონტალურ შეტევებს ბახმუტში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან ორგანიზებული გაყვანა განახორციელონ და ფართომასშტაბიან ალყას თავი აარიდონ", - თქვა ISW.

11 მაისს, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი ბახმუტში კონტრშეტევას ახორციელებს და "ბახმუტის ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდევთაგან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება".

***

9 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს არღვევს და "მალე კონტრშეტევაზე გადავა".

10 მაისს უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლი გაანადგურეს.

უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის თქმით, მათ ბახმუტის სიახლოვეს რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები დაამარცხეს. მეთაური მოკლული რუსი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს.

ბილეცკის თქმით, "რუსეთის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა", ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტი.

მისი ცნობით, "ვაგნერის მე-3 შეტევის დანაყოფს ასევე დიდი დანაკარგები აქვს" და ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროების დიდი ნაწილი.

29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.

მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".

5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვლილი "ვაგნერელები" ჩანან.

გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.

5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.

7 მაისს კი ვაგნერის დამფუძნებელმა თქვა, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.