ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გავლენაზე.
სამართლიანი არჩევნების დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნებზე ISFED-მა ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში.
მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ნინო დოლიძემ ჩამოთვალა დაფიქსირებული დარღვევები და აღნიშნა, რომ ხმის ფარულობა იყო ერთ-ერთი ცენტრალური და მასშტაბური პრობლემა ამ არჩევნების დროს
"ზოგადი შეფასებაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათი დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გავლენაზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.
იცით, რომ სამართლიანი არჩევნები ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა 1 500 ადამიანისგან შემდგარი მისიით, უბნებზე დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო, დაახლოებით 230 უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, გვყავდა დამკვირვებლები საზღვრებს გარეთაც და დამკვირვებლების შემოსული ინფორმაციით, 490 ინციდენტი დაფიქსირდა როგორც უბნებს შიგნით, ასევე უბნებს გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტების და დარღვევების რაოდენობა იყო 323 და აქედან, განსაკუთრებით გამოვყოფთ ბიულეტენების ჩაყრას, რომელიც ვნახეთ, მრავალჯერად ხმის მიცემას და ხმის მიცემის მცდელობას, დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვას და მათ გაძევებას უბნებიდან, მარკირების პროცედურის წესის დარღვევას, ხმის ფარულობის დარღვევას და აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვნახეთ ბიულეტენების უკან გამოსული მარკერის კვალი და ამის გარდა, გვაქვს არაერთი შემთხვევა, როცა საუბარია ფოტოს გადაღებაზე, კაბინაში შეყოლაზე და ა.შ. ხმის ფარულობა იყო ერთ-ერთი ცენტრალური და მასშტაბური პრობლემა ამ არჩევნების დროს.
ასევე გვაქვს ბევრი შემთხვევა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებზე, მაგალითად, როცა გადასატანი საარჩევნო ყუთები ბრუნდებოდა და ამომრჩეველთა ხელმოწერები არ იყო სიაში. გვაქვს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთის უბნების პრობლემა, დაახლოებით 45-მდე უბანში ვაკვირდებოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და 26 უბნიდან გვაქვს დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია.
რაც შეეხება უბნის გარეთ მიმდინარე პროცესებს - 167 ინციდენტი დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე და აქედან ყველაზე მასშტაბური იყო კოორდინატორების თუ სხვადასხვა პირების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვა და მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, რომელიც არის ერთ-ერთი ზეწოლის მექანიზმი პირდაპირ ამომრჩევლებზე. ასევე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები უბნების 11%-ზე, 19%-ზე უბნების ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა 13%-ზე, რომელიც არის საკმაოდ მაღალი", - თქვა მან.